ლიტერატურული წრის რეფლექსია

https://aptsiauritinatin.blogspot.com/p/blog-page_10.html

რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წელს, მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი ჩემი ინიციატივა ლიტერატურული წრის შექმნის თაობაზე. მათ დიდი დაინტერესება  გამოხატეს ამ იდეის მიმართ.
მოვაწყე კლასში საკლასო ბიბლიოთეკა. მათ შევთავაზე სალიდან მოეტანათ სხვადასხვა ტიპის, ჟანრისა და სტილის წიგნები (როგორც თემატურად, ისე ზომისა და ფორმის მიხედვით).
მოსწავლეები გავაწევრიანე სკოლის ბიბლიოთეკაში. ვითვალისწინებდი მათ შესაძლებლობებს და ინტერესებს და ვთავაზობდი, როგორც ქართველი საბავშვო მწერლების, ისე უცხოელი საბავშვო მწერლების მოთხრობებს და იგავ-არაკებს.
წრეზე მეცადინეობის დროს, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად აერჩიათ ერთსა და იმავე წიგნს წაიკითხავდნენ, თუ სხვადასხვა წიგნს ერთსა და იმავე თემაზე.
მოსწავლეები ერთსა და იმავე ვადებში კითხულობდნენ ტექსტს. კითხვის დასრულების შემდეგ ეწყობოდა დისკუსია. ისინი განიხილავდნენ წაკითხულ ცალკეულ ეპიზოდს, ასახავდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, როგორც ნაწარმოების გმირებზე , ისე მათ ავტორებზე. ტექსტის ანალიზის დროს გამოიკვეთებოდა ნაწარმოებში ასახული პრობლემა და მსჯელობდნენ მათი გადაჭრის გზებზე. წაკითხულ ნაწარმოებზე აგებდნენ პირამიდულ ისტორიას.
ყურადღებას ვამახვილებდი სწორ, შეგნებულ და გამომეტყელებით კითხვაზე. ზეპირმეტყველებისა და წერის დროს ვუსწორებდი, როგორც მორფოლოგიურ ისე სინტაქსურ შეცდომებს
მოსწავლეებს ვთავაზობდი ნაწარმოების შეჯამების შემდეგ შეესრულებინათ რომელიმე ეპიზოდის ჩანახატი. ისინი ხალისით ასრულებდნენ ამ დავალებას.

სასწავლო წლის განმავლობაში მათ გაუმდიდრდათ ლექსიკური მარაგი, განუვითარდათ კითხვის მოქნილობა და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი. გაუმჯობესდა მათი წიგნიერების დონე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სამივე მიმართულებით: ზეპირმეტყველება, კითხვა და წერა. გაცილებით მეტ მოსწავლეს შეუყვარდა წიგნი.
მოტივაციის ამაღლების მიზნით 16 მაისს ჩავატარეთ მეცადინეობა სკოლის ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს სისტემატურად ჩაგვეტარებინა მსგავსი მეცადინეობები.
20 მაისს ვესტუმრეთ ბიბლუსის წიგნების მაღაზიას, სადაც მოსწავლეთა სურვილით, კლასის ბიბლიოთეკისთვის შევიძინეთ (მაკულატურის ჩაბარების შემდეგ) 1 წიგნი - „ჟანა დარკის ცხოვრება“ .
3 ივნისს ვესტუმრეთ სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმს ქალაქ ბოლნისში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე და მათ მშობლებზე. მოისმინეს სულხან-საბა ორბელიანის ცოხვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. საპატიო მიზეზის გამო, დაგეგმილი ვიზიტი საჯარო ბიბლიოთეკაში ვერ შედგა. აღნიშნული სტურობა საჯარო ბიბლიოთეკაში გადავდეთ მომავალი  სასწავლო წლისთვის.
13 ივნისს მოვაწყე მხატვრული კითხვის კონკურსი, სადაც გამომეტყველებით კითხულობდნენ ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, რაფიელ ერისთავის, ვაჟა ფშაველას ლექსებს.
ლიტერატურულ წრეში გაერთიანებული მოსწავლეები და მათ მშობლები კმაყოფილები დარჩნენ სასწავლო წლის შედეგებით. მშობლების დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი შვილების წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა  და ისინი უკვე აქტიური მკითხველები არიან.
 მოსწავლეებმა და მშობლებმა გამოხატეს დიდი სურვილი, რომ მომავალი სასწავლო წლიდან კვლავ გაგრძელდეს ეს ღონისძიება.






No comments:

Post a Comment